ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოქსმა" წარმატებით ჩააბარა ტესტი გამძლეობაზე. ჯორჯიულ გუნდს 2011 წელს ორმხრივი გაფიცვის (ლოკაუტის) გამო შეკვეცილ სეზონში მჭიდრო კალენდარის სიმძიმე ახლა დააწვა, როცა სამ დღეში მესამე თამაში მოუწია და სამივე მოიგო.
25 მარტს, „ატლანტამ" უკიდურესად დაძაბულ თამაშში 139-133 დაამარცხა „იუტა ჯაზი". მატჩი ოთხჯერ გადავიდა დამატებით დროში და 48 წუთის ნაცვლად 68 წუთი გაგრძელდა, რაც ნბა-ში ბოლოს 1997 წელს მოხდა, სულ კი ლიგის ისტორიაში მე-9 შემთხვევაა.
„ატლანტას" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია მოვლენების ეპიცენტრში იყო და ორი კარიერული რეკორდი დაამყარა - 54 წუთი ითამაშა და 20 მოხსნა გააკეთა. ამას გარდა მან 15 ქულა 3 დაფარება, 2 პასი და 1 ჩაჭრაც მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ ამ ზედაძაბულ თამაშში ატლანტელთა მხრიდან ფაჩულიაზე მეტი მხოლოდ გუნდის ლიდერმა ჯო ჯონსონმა დაჰყო მოედანზე (55 წუთი), რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ქართველი მეფარე გუნდისთვის შეუცვლელ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
მასალის გამოყენების პირობები