15 იანვარს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში რეგიონალური ფორუმი "გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური კრიზისის გავლენა" დასრულდება.
ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მანილაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად იმყოფება. რეგიონალურ ფორუმზე გიორგი ქადაგიძე წარმოადგენს პრეზენტაციას თემაზე: "კრიზისის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა".
რეგიონალური ფორუმი "გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური კრიზისის გავლენა" წელს მეორედ იმართება და მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართება. რეგიონალური ფორუმის მიზანია შედგეს დისკუსია განვითარებად ქვეყნებს შორის გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური კრიზისის შედეგების შესახებ.
რეგიონალური ფორუმი აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისში ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველები, აზიის მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ
მეცნიერებიც, რომლებიც მიმოიხილავენ გრძელვადიან მაკროეკონომიკურ საკითხებს.
ფორუმი 14 იანვარს გაიხსნა.