დღეს, 15 იანვარს, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებას ვადამდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პირველი მოსმენით მიიღებს.
საკონსტიტუციო ცვლილებაზე შექმნილმა საორგანიზაციო კომისიამ ბოლო სხდომა ორი დღის წინ გამართა.
კომისიის რეკომენდაციით, კონსტიტუციის ერთჯერადად დამატებულ მუხლში ჩაიწერება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გამოცხადდეს მის გამართვამდე 60 დღით ადრე და არა 45 დღით, როგორც ეს პროექტის პირვანდელ ვარიანტში იყო.
ამასთან, პროექტიდან ამოიღებენ სიტყვა საკრებულოებს და ჩაიწერება, რომ ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. აღნიშნული არჩევნები კი, საკონსტიტუციო პროექტის მიხედვით, ჩატარდება არა უგვიანეს 2010 წლის 1-ლი ივნისისა.