დღეს, 15 იანვარს, პარლამენტი შემოსავლების სამსახურის რეორგანიზაციაზე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებს.
კანონპროექტი პარლამენტში მთავრობის ინიციატივით 11 იანვარს შევიდა. მთავრობამ მისი განხილვა დაჩქარებული წესით მოითხოვა.
კანონპროექტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო სამსახური - შემოსავლების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ყალიბდება, რომელიც ფინანსთა სამინისტროს მმართველობაში იქნება. შედეგად, შემოსავლების სამსახურს შეეძლება გარკვეული მომსახურების გაწევა გარკვეული საფასურის საზღაურად, როგორც ეს საჯარო რეესტრის შემთხვევაში ხდება.
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებს პროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ და ცალკეულ დეტალებთან დაკავშირებით, კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება. პარლამენტი მეორე მოსმენისთვის შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.