საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი ოფში ლიდერ „ზესტაფონს" ახალი მდევარი გამოუჩნდა. მოქმედ ჩემპიონს მანამდე ყველაზე დიდ კონკურენციას უწევდნენ ქუთაისის „ტორპედო" და თბილისის „დინამო", ახლა კი მის ზუსრგსუკან აღმოჩნდა რუსთავის „მეტალურგი".
21 მარტს „ზესტაფონი" „ბორის პაიჭაძეზე" „დინამოს" ესტუმრა და მასპინძელთა ავტოგოლის წყალობით დაწინაურდა, თუმც დინამოელებმა 80-ე წუთზე ესპანელი ჩისკოს გოლით სხვაობა გაქვითეს და ქულა გადაარჩინეს.
რაც მეორე ეტაპი დაიწყო, „მეტალურგი" უდანაკარგოდ თამაშობს, სამივე თამაში მოიგო და „ზესტაფონს" კვალში ჩაუდგა. რუსთავულმა კლუბმა ამ ჯერზე შინ 2:0 დაამარცხა მარტვილის „მერანი", რომელმაც წინა ტურში „დინამოსთან" 2:2 ფრედ ითამაშა და რუსთავში გადაღლილი ჩანდა. ახლა "მეტალურგს" „ზესტაფონამდე" ორი ქულაღა აშორებს, თუმც ერთი თამაშით მეტი აქვს.
უამინდობის გამო ქუთაისის „ტორპედოს" წინა ორი თამაში გაუცდა, ახლა კი ფოთში ადგილობრივ „კოლხეთთან" ვერ შეძლო ფორმაში ჩადგომა და 0:1 დათმო.
პლეი ოფის მეოთხე შეხვედრაში ზუგდიდის „ბაიამ" და გორის „დილამ" ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს და თითო ქულა მოიპოვეს.