ქართველი კინემატოგრაფისტები სარაევოს მეექვსე TALENT CAMPUS პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. სარაევოს ტალანტკამპუსზე აპლიკაციების მიღება 8 მაისამდე გაგრძელდება.
საგანმანათლებლო პროგრამა ახალგაზრდა კონემატოგრაფისტებს, რეჟისორებს, მსახიობებს, პროდიუსერებს, სცენარისტებს და კინოკრიტიკოსებს სთავაზობს ლექციებს, დისკუსიებს, კრიტიკულ დებატებს, სემინარებს, პრაქტიკულ მეცადინეობებს, ჩვენებებს, ექსკურსიებს.
"კინო და მისი მომავალი" არის მეექვსე ტალანტ-კემპუსის მთავარი თემა. კინემატოგრაფში ამჟამად მოღვაწე ადამიანები გაესაუბრებიან მომავალ კინემატოგრაფისტებს. საუბარი შეეხება არა მარტო მიმდინარე სოციალურ და ტექნოლოგიურ ცვლილებებს, არამედ იმ შესაძლებლობებსაც, რაც თან ახლავს სოციალურ და ტექნოლოგიურ ცვლილებებს კინოსთან მიმართებაში.
რობერტ ბოშის ფონდთან თანამშრომლობით, ყოველ წელს სარაევოში ჩადის ათი ახალგაზრდა გერმანელი პროდიუსერი, რომლებიც Sarajevo Talent Campus-ს ესწრებიან სპეციალური სტუმრის სტატუსით. ეს საფუძველს უყრის მომავალ ევროპულ კოპროდუქციას.
Sarajevo Talent Campus 8-14 ივლისს წელს მეექვსედ ტარდება. მონაწილეები უნდა იყვნენ შემდეგი ქვეყნებიდან: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, კოსოვო, მაკედონია, მონტენეგრო, რუმინეთი, სერბეთი, სლოვენია და თურქეთი. წელს მონაწილე ქვეყნების სია გაფართოვდა. ამდენად, მონაწილეობა შეუძლიათ ასევე აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის და მოლდოვის წარმომადგენლებს.
პროგრამა პირველად განხორციელდა 2007 წელს ბერლინის კინოფესტლივალთან და Berlinale Talent Campus-სთან თანამშრომლობით.