ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. „ბარსელონა" საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერ, „გრანადას" მასპინძლობდა და უხვგოლიან შეხვედრაში 5:3 დაამარცხა მეტოქე. ამ შეხვედრაში მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და, ლეგენდარული ბარსელონელის, სეზარ როდრიგესის რეკორდი დაამხო, გაიტანა რა 236 გოლი და გახდა კატალონიელთა ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მეოთხე წუთზე ხავიმ ანგარიში გახსნა. მე-17 წუთზე მესიმ მეორე გოლი გაიტანა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმში, „გრანადას" ფეხბურთელებმა, მაინცმა და სიკეირამ, 7 წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს და მატჩს ინტრიგა დაუბრუნეს, მაგრამ 5 წუთში მესიმ ბარსელონა ისევ წინ გაიყვანა. 82-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ტელომ მეოთხე გოლი გაიტანა, ხოლო მატჩის ბოლოს მესიმ ჰეთ-თრიკი გაიფორმა. დამატებულ წუთებზე, „გრანადამ" პენალტით კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოოდ 5:3.
ამ გამარჯვებით, „ბარსელონამ" ჩამორჩენა მადრიდის „რეალთან" 5 ქულამდე შეამცირა, რომელიც თავის მატჩს დღეს გამართავს „ვილიარეალთან".