. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლები მიიღო. შეხვედრა ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური უფროსის, ჯული ფიშერის ხელმძღვანელობით საელჩოს თანამშრომლებმა ხაჩიძესთან სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის მუშაობა განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს. გასული წლის ზაფხულში აშშ-ის საელჩომ სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურს ძვირადღირებული ტექნიკა საჩუქრად გადასცა.
მეორე საკითხი, რომლითაც საელჩოს თანამშრომლები დაინტერესდნენ, სოხუმში გამდიდრებული ურანის საცავის არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დამატებითი დეტალები იყო. გარემოს დაცვის სამინისტროში არსებული ინფორმაციით, აფხაზეთში რადიოაქტიური ნივთიერებების სამარხი საფრთხეს არა მარტო აფხაზეთს, არამედ მთელ რეგიონს უქმნის. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ბირთვული ნარჩენები მხოლოდ რუსული "ეფ-ეს-ბეს" კონტროლის ქვეშ არის.
შეხვედრის დასასრულს, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები გარემოს დაცვის კოდექსის საჯარო განხილვებით დაინტერესდნენ და სურვილი გამოთქვეს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კოდექსის შესახებ სამომავლოდ დაგეგმილ შეხვედრებში.