მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს. მათი ორგანიზებით, თვეზე მეტია ქობულეთისა და ოზურგეთის რაიონებში ტარდება აქცია "კარდაკარ", რომელიც მიზნად ისახავს ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას, აგრეთვე საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტებას.
"აქციის მიმდინარეობის ფარგლებში, გაირკვა, რომ არსებობს უამრავი ხარვეზი. კერძოდ, ოზურგეთში გამოტოვებულია ქუჩები, ჩიხები და სახლები; ოზურგეთის #4 მოიდანახეს პირველ საარჩევნო უბნის საზღვრებში მითითებული არ არის ბათუმის I შესახვევი; #10 ექადიის საარჩევნო უბნის საზღვარში რეგისტრირებული არ არის წმინდა გიორგის ქუჩის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 შესახვევი; #56 ლაშე II-ის საარჩევნო უბნის საზღვარში მითითებული არ არის უსახელო ჩიხი", _ ნათქვამია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, ანალოგიური ხარვეზები გამოვლინდა ქობულეთშიც. მაგალითად, ქობულეთის #4 საარჩევნო უბნის საზღვარში არ არის შეტანილი გურამიშვილის ქუჩის შემდეგი ნომრები: 3, 6, 13, 14, 22, 24, 25, 26, 30 და 32; #9 საარჩევნო უბნის საზღვარში შეტანილი არ არის დავით აღმაშენებლის გამზირის შემდეგი ნომრები: 379ა, 384ა, 416ა, 474ა, 484ა, 494ა, 502ა, 508ა, 512ა, 526ა, 544ა, 580ა, 584ა, 598ა, 600ბ, 612ა, 620ა, 620ბ და 628ბ.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" საორგანიზაციო მდივანი ვლადიმერ ბოჟაძე მიიჩნევს, რომ ეს უზუსტობები შეგნებულად არის დაშვებული და მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგების გაყალბებას.
"ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა ზომას მიიღებს იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა არჩევნების გაყალბება ვერ მოახერხოს", _ აცხადებს ბოჟაძე.
25 იანვრიდან აქცია "კარდაკარ" თბილისში და ქვეყნის 15-20 რაიონში დაიწყება, 15 თებერვლიდან კი - საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.