იტალიის თასის განმეორებითი შეხვედრა „იუვენტუსსა" და „მილანს" შორის, ტურინელთა ფინალში გასვლით დასრულდა. 20 მარტს გამართული შეხვედრა, მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ „მილანის" ფეხბურთელები სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. 28-ე წუთზე, ტურინლეთა უბერებელმა კაპიტანმა, ალესანდრო დელ პიერომ ანგარიში გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ.
მეორე ტაიმის დებიუტში, კარგად ითამაშეს „მილანის" ფეხბურთელებმა და მესბამ ანგარიში გაათანაბრა. სტუმრებს ერთი გოლის გატანა სჭირდებოდათ, რათა, ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაეთანაბრებინათ. 81-ე წუთზე მაქსი ლოპესმა მეორე გოლი გაუტანა მასპინძლებს. ძირითადი დროის დასრულების შემდეგ, დაინიშნა დამატებითი ტაიმები, რომლის მეხუთე წუთზე, „იუვენტუსმა", კერძოდ, მირკო ვუჩინიჩმა, ლამაზი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. სტუმართა მცდელობა გაეტანათ კიდევ ერთი გოლი, უშედეგოდ დასრულდა.
საბოლოოდ, 2:2 და ტურინის „იუვენტუსი" იტალიის თასის ფინალში გავიდა. მათი მეტოქე დღეს გაირკვევა: თბილისის დროით, 22:45 საათზე, „ნაპოლი" საკუთარ მოედანზე, „სიენას" უმასპინძლებს.