საქართველოს მორაგბეთა „ა" ნაკრები ბრიტანულ ტურნეზე გაემგზავრა, სადაც 21-31 მარტს სამ თამაშს გამართავს ადგილობრივ გუნდებთან. ქვეყნის მეორე ნაკრებს კვლავ „ლელოს" თავკაცი ლევან მაისაშვილი წვრთნის, რომლის განკარგულებაშიც 26 მორაგბეა. გუნდს ბრიტანეტში გაყვნენ ქვეყნის პირველი ნაკრების მწვრთნელები - მილტონ ჰეიგი, კრის გიბსი და ტორინ ბერჯესი.
ქართულ დელეგაციას მილტონ ჰეიგი ხელმძღვანელობს. „ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელი თავკაცი ბრიტანეთში გუნდს კონსულტაციას გაუწევს და დიდი ნაკრებისთვის კანდიდატებსაც დააკვირდება.
საქართველოს „ა" ნაკრები პირველ შეხვედრას 21 მარტს ჰერშემში ადგილობრივ „ეშერ რაგბისთან" გამართავს, შემდეგ კი უელსში გადავა და 27 მარტს უელსის კლუბების ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 31 მარტს ჩრდილოეთ უელსის კლუბების ნაკრებთან შეხვედრით დაასრულებს ტურნეს.