ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დეპუტატები აირჩევენ. ამის მიზეზი ის გახდა, რომ პრეზიდენტის მიერ დასახელებული სამი კანდიდატიდან თავმჯდომარის გამოვლენა ცესკო-ს წევრებმა ვერ შესძლეს.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ახლახან შეტანილი ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დასამტკიცებლად კომისიის 6 ოპოზიციონერი წევრიდან მინიმუმ 4-ის მხარდაჭერა იყო საჭირო, დღეს გამართულ სხდომაზე კი კომისიაში ორი ოპოზიციური პარტიის "ლეიბორისტული პარტიისა", "კონსერვატიული პარტიის" წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, დანარჩენი ოთხის: "ქრისტიან-დემოკრატების", "მრეწველებისა", "რესპუბლიკელების" და გაერთიანების "ჩვენ თვითონ" წევრებმა კი ბიულეტენები გადახაზეს.
აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის მიერ ამ პოსტზე წარდგენილმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო.
ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა დეპუტატებს რიგგარეშე სხდომაზე მოუწევთ, რომელიც კანონით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში 21 იანვრამდე უნდა დაინიშნოს.
როგორც ცნობილია, ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტმა ზურაბ ხარატიშვილის, ლევან თარხნიშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურები დაასახელა.