შემოსავლების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაქცევა ბროკერების საქმიანობას ხელს არ შეუშლის.
ამის შესახებ განცხადება მთავრობის საპარალმენტო მდივანმა გია ხუროშვილმა დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, აღნიშნული საკითხის განხილვისას მას შემდეგ გააკეთა, რაც საკითხით დეპუტატები დაინტერესდნენ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ინიციატივით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საჯარო სამართის იურიდიულ პირად უნდა ჩამოყალიბდეს, ეს კი ამ ორგანიზაციის გარკვეული კომერციული საქმიანობის საშუალებასაც მისცემს. მთავრობა აღნიშნული ინიციატივის არგუმენტად ამ ორგანოს უფრო მობილური მუშაობის აუცილებლობას ასახელებს.
ინიციატივა გუშინ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა განიხილეს და დაიწუნეს, დღეს კი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა მოიწონა და აღინიშნა, რომ მთავრობის ეს ინიციატივა მისაღებია.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, იდეის ძირითადი არსი მისაღებია, ხოლო გამომდინარე საკითხები უკვე სასესიო განხილვისას, მეორე მოსმენისას გადაწყდება.