საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოარხების დახურვის საშიშროებაზე საუბრობს.
ამის შესახებ განცხადება გია ცაგარეიშვილმა დღეს, პარლამენტში, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივ რადიოებში ("ქართული რადიო" და "რადიო 2") რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში 200-მდე ჟურნალისტი სამსახურის გარეშე დარჩება.
"გუშინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა გია ჭანტურიამ რადიოების თანამშრომლები დაიბარა და მათ რადიოების დახურვის თაობაზე აცნობა. ჟურნალისტებს 1 იანვარს დაუდეს ერთ თვიანი დროებითი კონტრაქტი, 1 თებერვლის შემდეგ კი, გააფრთხილეს, რომ კონტრაქტები აღარ გაუგრძელდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ 200-მდე ადამიანი 1 თებერვლიდან უმუშევარი დარჩება. ეს ყველაფერი ე.წ. პირველი კავკასიური არხის ამოქმედების გამო გაკეთდა, ვინაიდან ამ არხს გარკვეული თანხა სჭირდება და როგორც ჩანს, საზოგადეობრივმა მაუწყებელმა თანხები ამ არხისთვის რადიოების დახურვით გამოძებნა", - აცახადებს ცაგარეიშვილი.
ამასთან, დეპუტატი აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას პირადად პრეზიდენტს აკისრებს და აცხადებს, რომ მის გარეშე ამ გადაწყვეტილებას გია ჭანტურია ვერ მიიღებდა.
აღსანიშნავია ისიც რომ ცაგარეიშვილის ინფორმაციით, რადიოების ჟურნალისტები საპროტესტო აქციებისათვის ემზადებიან.