საფრანგეთის მორაგბეთა ნაკრების თავკაცმა ფილიპ სანტ-ანდრემ ქართული წარმომვალობის გამთამაშებელი, დიმიტრი იაშვილი, გუნდში დააბრუნა. იაშვილმა წლევანდელ ექვს ერზე, მხოლოდ სადებიუტო ტურში, იტალიასთან ითამაშა.
ექვსი ერის დასკვნით ტურში საფრანგეთი დაუმარცხებელ უელსს კარდიფში სტუმრობს და მისთვის ამ თამაშს სატურნირო თვალსაზრისით მეორადი დატვირთვა აქვს, რადგან შესაძლოა ტურნირზე მეორე ადგილიც არ შეხვდეს.
ფრანგთა ეროვნული გუნდის თავკაცად დანიშვნის შემდეგ სანტ-ანდრე ერიდება შარშანდელ მსოფლიოს თასზე ფინალში გასული გუნდის მნიშვნელოვნად გადახალისებას და თითქმის არ ცვლის შერკინებას და უკანა ხაზს, მაგრამ სამაგიეროდ ძალზე ხშირად ცვლის ნახევარმცველებს.
ექვსი ერის ოთხ თამაშში სასტარტო გუნდში სანტ-ანდრემ სამ-სამი მოთამაშე გამოსცადა 9 და 10 ნომრების პოზიციაზე და ბოლომდე კმაყოფილი არცერთით არ დარჩენილა. ახლა ის ისევ იაშვილს აბრუნებს დამწყებ გუნდში.
იაშვილი ნაკრებში 2002 წლიდანაა და 60 მატჩი აქვს ჩატარებული. ორი მსოფლიოს თასის მონაწილეა, მათ შორის 2011 წლის ვიცე-ჩემპიონი გუნდის მთავარი 9 ნომერი იყო.