საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეები, მამუკა გორგოძე, ირაკლი მაჩხანელი, ვიტო კოლელიშვილი და მერაბ კვირიკაშვილი,15 მარტს, 16 საათზე ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მივლენ, მოზარდ მორაგბეებს შეხვდებიან და ვარჯიშს ჩაატარებენ. მასტერ - კლასის შემდეგ ამხანაგური თამაში გაიმართება, სადაც ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და არასრულწლოვან პატიმართა გუნდები დაუპირისპირდებიან.
არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რებილიტაციის იდეა საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლებს ეკუთვნით. პროექტის მიზანია, მოზარდების რეაბილიტაცია რაგბის მეშვეობით. არასრულწლოვანთა დაწესებულების დატოვების შემდეგ უნდა მოხდეს მათი სრულფასოვანი და წარმატებული ინტეგრაცია საზოგადოებაში.
„ჩვენი დიდი სურვილია ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მოხვედრილ ახალგაზრდებს გავუჩინოთ გარკვეული ინტერესი სპორტისადმი. ჩვენ ვასწავლით ბიჭებს რაგბის თამაშს, ვნერგავთ ჯანსაღი ცხოვრების სტილს, ვარჩევთ ნიჭიერებს და გათავისუფლების შემდეგ ვანაწილებთ გუნდებში,"- განაცხადა პროექტის კოორდინატორმა, მორაგბე ნოდარ ანდღულაძემ.
პროექტი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან ერთად ხორციელდება.