15 მარტს თბილისს ევროპის საბჭოს ევროპული კინოს მხარდაჭერის ფონდის - ევრიმაჟის აღმასრულებელი დირექტორი - რობერტო ოლა ეწვევა. ევრიმაჟის ფონდის ხელმძღვანელს საქართველოში ეროვნული კინოცენტრი უმასპინძლებს.
რობერტო ოლა 15 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" ქართული კინოსექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და გამართავს პრეზენტაციას ევრიმაჟის შესახებ. ქართველი პროდიუსერები დეტალურად გაეცნობიან, რას წარმოადგენს ევროპის საბჭოს კინოს განვითარების და მხარდაჭერის ფონდი და როგორ უნდა ჩაერთონ მასში ევროპული დაფინანსების მოსაძიებლად ქართული კინოპროექტებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში რობერტო ოლა გამართავს შეხვედრებს კულტურისა და ძეგლთ დაცვის სამინისტროში, ასევე შეხვდება კინოთეატრების წარმომადგენლებს.
ევროპის საბჭოს, ევროპული კინოს მხარდაჭერის ფონდის ევრიმაჟის მმართველი საბჭოს შეხვედრის გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც შედგა 2011 წლის 10 ივნისს, ფინეთის ქალაქ ჰელსინკში, საქართველო გახდა ევრიმაჟის 36-ე წევრი ქვეყანა.
Eurimages-ის ფონდის მიზანია, ევროპული კინოინდუსტრიის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია კინოწარმოების, დისტრიბუციის წახალისებითა და პროფესიონალთა შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით. ევრიმაჟის რესურსები შედგება წევრი ქვეყნების წლიური საწევრო შენატანისგან.
ფონდი ოთხი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს დაფინანსებას: კოპროდუქციის მხარდაჭერა, დისტრიბუციის მხარდაჭერა, კინოთეატრების მხარდაჭერა, იმ კინოთეატრების ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვა, რომლებიც არიან ევრიმაჟის ქსელის წევრები.