მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" შს სამინისტროს, მთავარ პროკურატურას, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატს პარტიის წერილის იგნორირებაში ადანაშაულებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობიდან აცნობეს, გასული წლის 23 დეკემბერს პარტიამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, წერილობით მიმართა ივანე მერაბიშვილს, მურთაზ ზოდელავას, ხათუნა კალმახელიძეს და გიორგი ტუღუშს, თუმცა მათგან შესაბამისი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
"მოძრაობა ითხოვდა დახმარებას სრული ინფორმაციის მოძიებაში იმ ოსი ეროვნების 35 მოქალაქის შესახებ, რომელთა ოჯახის წევრებმაც მოძრაობის ლიდერს, ზურაბ ნოღაიდელს, ცხინვალში მისი ყოფნის დროს შესაბამისი თხოვნით მიმართეს. სამწუხაროა, რომ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წერილობით მიმართვას ზემოთ დასახელებული არც ერთი თანამდებობის პირი დღემდე არ გამოხმაურებია და პასუხი არ უცნობებია", - ნათქვამია განცხადებაში.
მოძრაობა ანალოგიური თხოვნით აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელებს კიდევ ერთხელ მიმართავს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ "სამართლიანი საქართველოსთვის" მერაბიშვილს, ზოდელავას, კალმახელიძესა და ტუღუშს სასამართლოში უჩივლებს.