ევროპის ექვსი ერის მეოთხე ტურში პირველობისთვის ბრძოლას საფრანგეთის ნაკრები გამოეთიშა. პარიზში, "პარკ დე ფრენსზე", ინგლისელებმა - მანუ ტუილაგიმ და ბენ ფოდენმა საწყის ოც წუთში ორჯერ დადეს ლელო და სტუმრები ჯერ 14:3 დაწინაურდნენ, ხოლო ტაიმი 14:9 მოიგეს. მასპინძლები ვერ ახერხებდნენ ინგლისელთა დაცვის გარღვევას, თუმცა საჯარიმოებს ზუსტად ურტყამდნენ და მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ორ ქულამდე შეამცირეს სხვაობა - 15:17.
ინგლისელებმა მესამე ლელოც დადეს და 24:15 დაწინაურდნენ, მაგრამ საფრანგეთმა მობილიზება შეძლო და ცოტა დააკლდა თამაშის გადასარჩენად. დასრულებამდე შვიდიოდ წუთით ადრე ფრანგთა შუამარბმა უესლი ფოფანამ მეოთხე თამაშში მეოთხე ლელო გაიტანა და გარდასახვის შემდეგ საფრანგეთი 22:24 წამოეწია ინგლისს.
დარჩენილი დრო მასპინძელთა შეტევებში გაილია. ფრანგებს გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა აშორებდათ და არეკნიც დაარტყეს, მაგრამ არაზუსტად და დამარცხდნენ.
უელსმა მეოთხე ტურშიც იმარჯვა და ერთი გამარჯვებაღა აშორებს დიდ სლემამდე, რაც ხუთ თამაშში ხუთ გამარჯვებას ნიშნავს და ორმაგად პრესტიჟულად ითვლება, ვიდრე ექვსი ერის დიდი სლემის გარეშე მოგება.