14 მარტს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ნინო ანანიაშვილის სასცენო კოსტიუმების გამოფენა გაიხსნება.
გამოფენა პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეების ფარგლებში გაიმართება.
ბალეტის ისტორია ერთ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებლის წინაშე საქართველოში პირველად ცოცხლდება. ეს პროექტი მართლაც უნიკალურია. გამოფენის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დამთვალიერებელს საბალეტო სამყაროს ესთეტიკა ორიგინალური ფორმით წარუდგინონ.
სხვადასხვა ქორეოგრაფის რედაქციით დადგმული სპექტაკლებისთვის კოსტიუმებს ცნობილი თეატრალური მხატვრები: სიმონ (სოლიკო) ვირასალაძე, ალექსეი ვასილიევი, ვიაჩესლავ ოკუნევი და სხვები ქმნიდნენ.
საიუბილეო ღონისძიებები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
გამოფენა 19 მარტს დაიხურება.