საპარლამენტო უმრავლესობას არ მოსწონს მთავრობის ინიციატივა შემოსავლების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნასთან დაკავშირებით. საპარალმენტო უმრავლესობის მხრიდან შენიშვნები იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოითქვა, სადაც აღნიშნული საკითხი პირველი მოსმენით განიხილეს.
როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, არსებობს ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა გადაკეთდეს აღნიშნული სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. ასევე არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იფუნქციონირებს ეს სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნის შემთხვევაში.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თვამჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით კი, გაუგებარია მთავარი მიზეზი: რატომ ხდება შემოსავლების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთება.
გოგორიშვილმა მთავრობას მიმართა კიდეც, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა არ მოხდეს 15 იანვარს დაგეგმილ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე და გადაიდოს საგაზაფხულო სესიების დაწყებამდე, მანამდე კი გაიმართოს კონსულტაციები და დაზუსტდეს ის საკითხები, რაც დღეს კითხვებს ბადებს.
მთავრობის საპარალმენტო მდივნისთვის გოგორიშვილის შენიშვნა მიუღებელი აღმოჩნდა. როგორც გია ხუროშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული საკითხის განხილვის დაწყებას ითხოვს. მისი თქმით, ის საკითხები, რაც პარალმენტში კითხვებს აჩენს, მეორე მოსმენისთვის გაირკვევა. კუბლაშვილის გადაწყვეტილებით, 14 იანვარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება დახურული სამუშაო შეხვედრა და ამ შეხვედრაზე გადაწყდება _ აღნიშნული საკითხი განიხილება პარასკევის სესიაზე, თუ გადაიდება საგაზაფხულო სესიისთვის.