საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 10-11 მარტს ბელგრადში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი ერთი მედლით და გუნდური მეცხრე ადგილით ჩაამთავრა.
კვარცხლბეკზე ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი მანუჩარ ცხადაია ავიდა, ოღონდ არა მშობლიურ წონით კატეგორიაში - 66 კილოგრამში, არამედ ერთი წონით მაღლა - 74-ში. საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენმა ვერცხლის მედალი ირგუნა.
სერბულ ხალიჩაზე ცხადაია სულ ხუთჯერ გავიდა. ფინალამდე გერმანელი ფაბიან იანიკე, ავსტრიელი ფლორიან მარშალი, ფრანგი კრისტოფ რენე მარსელ ჟენო და ლიტველი ალექსანდრ კაზაკევიჩი ორ-ორ სეტში დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, რუს რომან ვლასოვთან წააგო.
ირაკლი ჭოჭუამ (60 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძემაც (84 კგ) ევროპირველობაზე მე-7 ადგილი დაიკავეს, სოსო ჯაბიძემ (96 კგ) და გურამ ფერსელიძემ (120 კგ) - მე-10. ქემალ ხარაბაძე (55 კგ) და რევაზ ლაშხი (66 კგ) კი ათეულს მიღმა დარჩნენ. შეგახსენებთ, ლაშხი ევროპის შარშანდელი ჩემპიონია, ოღონდ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში.