სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ოფიციალურად ადასტურებს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი გამოხატავენ ერთობლივ სურვილს, უმასპინძლონ ფეხბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატს.
ეს საკითხი 6 მარტს საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ბაქოში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე შეათანხმეს.
ამჟამად მიმდინარეობს საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკება, რათა მათ 21 მარტს სტამბულში გასამართ "უეფას" კონგრესზე ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე ქვეყნის მზაობა დაადასტურონ.
კონგრესზე ოფიციალური განაცხადების შეტანის ვადების დაზუსტებასთან ერთად, ამ სურვილს ორივე ქვეყანა "უეფას" უკვე ოფიციალური განაცხადით დაუდასტურებს.
შესაბამისად, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უარყოფს რამდენიმე ინტერნეტგამოცემის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული მხარე არ არის თანახმა 2020 წელს საქართველოსთან ერთად უმასპინძლოს ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში.