ხუთშაბათს, 14 იანვარს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ( ი. ჭავჭავაძის გამ. 32, A კორპუსი, 101- ე აუდიტორია ) გაიმართება საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის 30 (ოცდაათ) მაგისტრანტს ბაზისბანკი ასაჩუქრებს პორტატული კომპიუტერებით. ბაზისბანკის მიერ ჯილდოვდებიან ის სტუდენტები, რომლებიც მაღალი რეიტინგით ჩაირიცხნენ მაგისტრატურაში.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის პირველი ერთობლივი პროექტი. ბაზისბანკი ყოველწლიურად აფინანსებს ფიზიკა-მატემატიკის სპეციალობის წარჩინებული სტუდენტების მაგისტრატურის კურსის ღირებულებას; ამასთანავე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ბაზისბანკმა აიღო ვალდებულება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებაზე.