ხვალ, 10 მარტს, 17:00 საათზე „თიბისი ბანკისა" და იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, თიბისი გალერეაში იაპონელი ქართველოლოგის, ჰიროკატე მაედას წიგნის, „ქართველები სეფიანთა ირანში" პრეზენტაცია გაიმართება.
ნარკვევში მოცემულია ღულამთა ოთხი გვარის - ბარათაშვილების, სააკაძეების, უნდილაძეებისა და მირიმანიძეთა ცხოვრება და საქმიანობა სეფიანთა კარზე. ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოს ისტორიისათვის უაღრესად საინტერესო ახალი მასალები და დასკვნები, რომლებიც ახალგაზრდა მეცნიერმა რამდენიმეწლიანი კვლევის შედეგად მიიღო.
პრეზენტაცია „იაპონიის გაზაფხული - იაპონიის კულტურის თვის" ფარგლებში იმართება და იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ღონისძიებაა.