ზურაბ პოლოლიკაშვილმა საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა. ამის შესახებ, "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის დინამოს PR-მენეჯერმა, ლაშა დვალიშვილმა განუცხადა.
"ბატონმა ზურაბმა მიიღო გადაწყვეტილება, წასულიყო ამ თანამდებობიდან. მან ეს გააკეთა კლუბის პრეზიდენტთან, რომან ფიფიასთან, შეთანხმების საფუძველზე. გამომდინარე იქიდან, რომ აქვს პირადი მიზნები და გეგმები, რომელიც მოითხოვს დიდ დროს, სწორედ ამის გამო მიიღო გადაწყვეტილება ბატონმა ზურაბმა, რომ დაეტოვებინა საფეხბურთო კლუბი "დინამო". იგი საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში მუშაობდა "დინამოში" და შესაბამისად იმ დროს, როდესაც უჭირდა კლუბს. ამ გაწეული სამუშაოსთვის კლუბი მადლობას უხდის მას და წარმატებას უსურვებს თავისი გეგმებისა და პირადი მიზნების განხორცილებაში,"-განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ლაშა დვალიშვილმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება თანამდებობას, ის იქნება ვაკანტური.
"თუ კი გაჩნდება იმის აუცილებლობა, რომ ვინმე დაინიშნოს ამ თანამდებობაზე, კლუბის პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულთნ დაკავშირებით,"-აღნიშნა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი "დინამოს" გენერალურ დირექტორად, მას შემდეგ დაინიშნა, რაც კლუბის მეპატრონე რომან ფიფია გახდა. სწორედ, პოლოლიკაშვილს ეკუთვნის "დინამოში" ე.წ. "ესპანური პროექტის" განხორციელების იდეა. გუნდის მთავარი მწვრთნელის ესპანელი ალექს გარსიას დათხოვნის შემდეგ, პოლოლიკაშვილი ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს, ხოლო მისი ადგილი სანდრო შახოვმა დაიკავა.