კიევის სააპელაციო სასამართლომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვებასთან დაკავშირებით ქართველი დამკვირვებლებისთვის უარის თქმის შესახებ უკრაინის ცესკო-ს გადაწყვეტილება არაკანონიერად ცნო.
კიევის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ლევან თარხნიშვილის განმარტებით, რომელიც უკრაინაში მყოფ ქართველ დამკვირვებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს, კიევის სასამართლო ცესკო-ს არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების დარეგისტრირებისკენაც მოუწოდებს.
"ეს იმის მაჩვენებელია, რომ უკრაინის ცესკოს გადაწყვეტილება იყო უსაფუძვლო და განპირობებული იყო იმით, რომ არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უკრაინაში დამოუკიდებელი არჩევნების ჩატარებით დაინტერესებული არ არის", - განაცხადა თარხნიშვილმა "ქრონიკასთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ცესკო-მ ამ საკითხზე ორი დღის წინ იმსჯელა და ხმათა უმრავლესობით, 2 ათას ქართველ დამკვირვებელს რეგისტაციაში გატარებაზე უარი უთხრა. ცესკო-ს ეს გადაწყვეტილება კიევის სააპელაციო სასამართლოში უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იულია ტიმოშენკოს პარტიამ გაასაჩივრა.