ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკამ სომხეთის მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების წინ მოუწოდა, „ძალიან ფრთხილად იყვნენ, რადგან, ღმერთმა დაიფაროს, არ განმეორდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა“.
ლუკაშენკამ ეს განცხადება 29 მაისს ასტანაში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) სამიტის ფარგლებში გააკეთა.
„უკრაინაში ყველაფერი ზუსტად ასე დაიწყო“, - თქვა მან და გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ არაერთხელ გაჟღერებული მოსაზრება.
პუტინის განცხადებით, უკრაინის კრიზისი ევროკავშირთან დაახლოების მცდელობებით დაიწყო, რასაც, მისი თქმით, დღეს სომხეთიც ცდილობს.
ლუკაშენკამ სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდა, ევროკავშირთან დაახლოების საკითხი „ძალიან სერიოზულად“ განიხილონ, თუ ეს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობების ხარჯზე მოხდება.
„მხოლოდ ერთისკენ მოვუწოდებ - კარგად დაფიქრდნენ. ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს და ჩვენ მას პატივს ვცემთ“, -განაცხადა ლუკაშენკამ.
სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა განაცხადა, რომ ერევანი ამ ეტაპზე არ განიხილავს სცენარს, რომლის მიხედვითაც ქვეყანას ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.
„როდესაც ეს საკითხი რეალურად დადგება დღის წესრიგში, მაშინ იქნება კონკრეტიკა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის შეფასებებსაც გავაკეთებთ. ამჟამად ასეთ სცენარს უბრალოდ არ განვიხილავთ“, - განაცხადა გრიგორიანმა ასტანაში.
მანამდე, იმავე დღეს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში სომხეთს მოუწოდეს, რეფერენდუმის გზით განსაზღვროს, უჭერს თუ არა მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას თუ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის შენარჩუნებას.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ერევანი შესაძლო ეკონომიკური შედეგების შესახებ გააფრთხილა იმ შემთხვევაში, თუ სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობების გაწყვეტას გადაწყვეტს.
ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.