საქართველო და აზერბაიჯანი ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობაზე აცხადებენ პრეტენზიას. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის 21 მარტს სტამბულში გაიმართება უეფას კონგრესი, და გადაწყდება დრო და თარიღი, თუ როდის უნდა წარადგინონ ქვეყნებმა თავიანთი კანდიდატურები.
"ბუნებრივია, ამ პერიოდის განმავლობაში მოვემზადებით. სტამბულში საქართველო და აზერბაიჯანი წარადგენენ განაცხადს და შემდეგ უკვე ჩემპიონატის მასპინძლობის მოპოვებისთვის დაგვჭირდება სამუშაო სხვადასხვა ქვეყანასთან, კომიტეტებთან უეფაში. იმისთვის, რომ ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ, ორივე ქვეყანამ უნდა დავაკმაყოფილოთ ძალიან ბევრი კრიტერიუმი. მათ შორის სტადიონების ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს, ასევე უნდა გაუმჯობესდეს აეროპორტები, სასტუმროები და ა.შ.", - განაცხადა ვარძელაშვილმა.
ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა მიხიელ სააკაშვილმა წამოჭრა. მან აზერბაიჯანელ კოლეგას ბაქოში შეხვედრისას ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობა შესთავაზა.