12-18 მარტამდე პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეები გაიმართება.საიუბილეო დღეების ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ნინო ანანიაშვილის სასცენო კოსტიუმებისა და აქსესუარების გამოფენა გაიხსნება.
გამოფენის გახსნასთან ერთად შედგება წიგნის - "ნინო ანანიაშვილი - 30 წელი სცენაზე" პრეზენტაცია, რომელშიც ასახულია ანანიაშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობის ოცდაათწლიანი გზა. წიგნი ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამოსცა.
16 მარტს რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება ერთმოქმედებიანი ბალეტების საღამო. წარმოდგენილი იქნება ესტონელი ქორეოგრაფის ტეეტ კასკის მიერ დადგმული ერთმოქმედებიანი ბალეტის პრემიერა, რომელშიც მთავარ პარტიას საბალეტო დასის სოლისთებთან ერთად ანანიაშვილი შეასრულებს. ასევე ინგლისელი ქორეოგრაფის, ფრედერიკ ეშტონის ბალეტი "მარგარიტა და არმანი" და რუსი ქორეოგრაფის, იური პოსოხოვის მიერ ქართულ მუსიკაზე შექმნილი ბალეტი "საგალობელი".
საიუბილეო დღეები 18 მარტს დასრულდება თბილისის საკონცერტო დარბაზში, ბალეტის ვარსკვლავების დიდი გალაკონცერტით. მასში, ანანიაშვილთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი მოცეკვავეები, რომლებიც პარტნიორობას უწევდნენ პრიმა ბალერინას, მოწვეული სტუმრები და საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასი, რომელსაც ნინო ანანიაშვილი 2004 წლიდან ხელმძღვანელობს.
შეგახსენებთ, რომ ნინო ანანიაშვილი ერთადერთი ბალერინაა მსოფლიოში, რომელიც ოთხი საერთაშორისო საბალეტო კონკურსის გამარჯვებულია. ის პირველი ბალერინა იყო, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, რომელიც მიიწვიეს ბალანჩინის თეატრში - "ნიუ იორკ სითი ბალეში", დანიის სამეფო თეატრში და "კოვენტ გარდენში". ანანიაშვილი იყო ამერიკის ბალეტის თეატრის პრიმა ბალერინა (1993-2009წწ.). იგი ხშირად გამოდის შვედეთის, ნორვეგიის, პორტუგალიის, ფინეთის, ბავარიის, მონტე-კარლოს, ბირმინგემის, ბოსტონის, ტოკიოს და სხვა თეატრების სცენებზე.