დუბაის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში მე-2 ნომრად განთესილმა შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მე-3 რეიტინგის მქონე ბრიტანელ ენდი მიურეის 7:5, 6:4 სძლია და Dubai Duty Free Tennis Championships-ის გამარჯვებული მეხუთედ გახდა. როჯერმა სეზონში მეორე, კარიერაში კი 72-ე ტიტული მოიგო.
ფინალური მატჩი საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. ფედერერმა მიურეიზე სამით ნაკლები (4:7) ეისი მოაწოდა, თუმცა, საერთო ჯამში, მეტოქეზე უკეთესად გამოიყურებოდა. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ბრიტანელის მოწოდება სამჯერ მოიგო, თავად კი მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის გადარჩენა ვერ შეძლო. საინტერესოა, რომ როჯერისთვის ეს მთელს ტურნირზე წაგებული პირველი მოწოდება იყო.
ამ წარმატების წყალობით, ფედერერი საჩემპიონო რბოლაში მე-2 ადგილზე გადაინაცვლებს და თანაც, ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩთან ჩამორჩენა 360 ქულაღა იქნება. მომავალი კვირიდან საჩოგბურთო სამყაროს ლიდერები აშშ-ს მიაშურებენ, სადაც მარტში ორი მასტერსი შედგება.