ვარკეთილში 57 წლის ქალზე თავდასხმა მოხდა.
ქალს უცნობი პირი თავს სამარშრუტო ტაქსიდან გადმოსვლისას დაესხა და მას ბასრი საგნით რამდენიმე ჭრილობა გულ-მკერდისა და ზურგის არეში მიაყენა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა ისე, რომ დაზარალებულის გაძარცვა ვერ მოახერხა.
ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაჭრილს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაზარალებულს მთელი ღამის განმავლობაში ოპერაცია უტარდებოდა. ექიმებმა მას თირკმელი ამოკვეთეს. ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. საქმეს ისანი-სამგორის საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.