25-26 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე 24-საათიანი ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალის ფორმატით შერჩეულ ექვს დრამატურგსა და ექვს რეჟისორს მხოლოდ 24 საათი ეძლევა ექვსი მოკლე პიესის შესაქმნელად და სპექტაკლების დასადგმელად.
ფესტივალში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 1-ელიდან 7 მარტამდე უნდა შეავსონ მოცემული აპლიკაციები. კომპეტენტური ჟიური შეარჩევს ექვს დრამატურგსა და ექვს რეჟისორს, რომელთა სიაც 10 მარტს რუსთაველის თეატრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდება. ფესტივალის დაწყებამდე მათ კონსულტაციებს გაუწევენ და ვორქშოფებს ჩაუტარებენ დრამატურგი ლაშა ბუღაძე და რეჟისორი გოგა თავაძე.
პირველად 24-საათიანი ფესტივალი რუსთაველის თეატრში 2011 წელს განხორციელდა და საზოგადოების მხრიდან დიდი დაინტერესების გამო გადაწყდა, ყოველწლიური გამხდარიყო. პროექტი მიზნად ისახავს ამერიკული კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში და ამ ორ ქვეყანას შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაუმჯობესებას.
ფესტივალი რუსთაველის თეატრის, ამერიკის საელჩოსა და ამერიკის სახელმწიფო პროგრამის კურსდამთავრებულის ნინო მაღლაკელიძე-შიიტსის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართება.