13 იანვარს, საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების მიმდინარე წლის პირველი აუქციონი გაიმართება. აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულებების ფასიან ქაღალდებს გამოიტანენ. სახაზინო ვალდებულებების ვადიანობა 364 დღითაა განსაზღვრული.
ფინანსთა სამინისტრო წელს, გასულ წელთან შედარებით, ფასიანი ქაღალდების ემისიის მოცულობის გაზრდას გეგმავს. 2010 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, 370 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებების ემისია განხორციელდება.
პირველ კვარტალში 150 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების ემისიაა დაგეგმილი. გამოშვებული იქნება ორწლიანი კუპონური სახაზინო ობლიგაციები. გაგრძელდება 6-თვიანი და 12-თვიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდების ემისიაც.
2009 წელს ფინანსთა სამინისტრომ 270 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა, რომლის 86 პროცენტი სამმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა.