საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგებთან შეხვედრისას საქართველოს განათლების სისტემაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა განათლების სისტემას პრეზიდენტის, მთავრობისა და სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი უწოდა.
"სახელმწიფომ ვერ მიხედა ამ სისტემას ათწლეულების განმავლობაში და განათლების ხარისხი საქართველოში დაეცა. ჩვენ ვნახეთ საერთაშოროსო კვლევის შედეგი და მის მიხედვით, სამწუხაროდ, პროდუქტი, რომელსაც სკოლა უშვებს, ანუ ჩვენი ბავშვები და მათი ცოდნის დონე, არის სავალალო მდგომარეობაში", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამის აღმოსაფხვრელად სკოლაში დისციპლინა უნდა დაბრუნდეს.
"მეთორმეტეკლასელი ბავშვები მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლაში არ დადიან. თბილისის ცენტრში კი მე-9 კლასიდან არ დადიან. აღნიშნული იმითაა გამოწვეული, რომ სკოლის ატესტატს და საგნებს ფასი დაკარგული აქვს. სემესტრული სწავლება ხომ საერთოდ უმეცარი ხალხის მოგონილია", _ განაცხადა სააკაშვილმა და დაძინა, რომ ვინც ეს მოიფიქრა, მან პირველი ზარალი მიაყენა განათლების სისტემას.