როგორც დღეს გახდა ცნობილი, იტალიურ "ოლ სტარში", "ბენეტ კანტუს" ქართველი ცენტრი, გიორგი შერმადინი ითამაშებს.
ტრადიციისამებრ, ყველა ვარსკვლავთა შეხვედრაში იტალიურ ლიგაში მოთამაშე ლეგიონერები ადგილობრივ კალათბურთელებს დაუპირისპირდებიან. გამოკითხვის შედეგად, მოწინავე ხუთეულში მხოლოდ ამერიკელები მოხვდნენ და თანაც ისინი მხოლოდ ორ გუნდს წარმოადგენენ.
ყველაზე მეტი ხმა (14 585) პეზაროს "სკავოლინის" წევრ ჯამეინ ჯონსს ერგო. ლეგიონერთა ნაკრების დანარჩენი შვიდი წევრი იტალიური ლიგის ხელმძღვანელობამ გუნდის მწვრთნელად შერჩეულ "ბენეტ კანტუს" დამრიგებელ ანდრეა ტრინკიერისთან ერთად დაასახელა და როგორც სჩანს, "ოლ სტარზე" შერმადინის მოხვედრას ამანაც ხელი შეუწყო.
მომავალი "ოლ სტარი" 11 მარტსაა დაგეგმილი და მას პეზაროს "ადრიატიკ არენა" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში იტალიური ტელეკომპანია LA7 გადასცემს.