კლასიკური მუსიკის განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით, 5 მარტს ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრის მუსიკალურ დარბაზში ელისო ვირსალაძის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას იღებს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, სოლისტები - ირმა გიგანი (საქართველო) და ადი ნეიჰაუზი (ისრაელი).
პროგრამაშია მოცარტის უვერტიურა ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება", შოპენის საფორტეპიანო კონცერტი N1, თხზ.11, მი მინორი, რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტი N2, თხზ.18, დო მინორი.
2012 წელი თანამედროვეობის გამოჩენილი ქართველი მუსიკოსის - ელისო ვირსალაძის საიუბილეო წელია. ამ თარიღის აღსანიშნავად, მთელი წლის მანძილზე, "კლასიკური მუსიკის განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი" საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გეგმავს მუსიკალურ ღონისძიებებს ცნობილი ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით.
მნიშვნელოვანია, რომ სწორად ქუთაისში, დიდი მუსიკალური ტრადიციების მქონე ქალაქში იწყება საიუბილეო კონცერტების ციკლი.
მათთვის, ვინც ვერ ახერხებს ქუთაისში კონცერტზე დასწრებას, ღია რეპეტიცია გაიმართება 4 მარტს, კვირას, 13:00 საათზე, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (აღმაშენებლის გამზ. 127).
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: TBC ბანკი, ქ. ქუთაისის მერია, ისრაელის საელჩო საქართველოში.