სს `სახალხო ბანკის~ მთლიანი სასესხო პორთფელი იზრდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სს `სახალხო ბანკიდან" აცნობეს, 2009 წლის მეოთხე კვარტალში ბანკის მთლიანი სასესხო პორთფელი 12.2 მილიონი ლარით, ანუ წინა წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 13.0%-ით გაიზარდა და 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 106.2 მილიონი ლარი შეადგინა.
სს `სახალხო ბანკმა~ 2009 წლის მეოთხე კვარტლის მანძილზე 64.2 მილიონი ლარის ოდენობის სესხები გასცა. ფიზიკური პირების სასესხო პორთფელმა 65.1 მილიონი ლარი შეადგინა და წინა კვარტალთან შედარებით 29.2%-ით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2008 წლის ბოლოს 89.6 მილიონ ლარს, ხოლო 2007 წლის ბოლოს 79.1 მილიონ ლარს შეადგენდა.
კორპორატიული სესხების პორთფელმა 2009 წლის მეოთხე კვარტალში 41.1 მილიონი ლარი შეადგინა და წინა კვარტალთან შედარებით 5.7%-ით შემცირდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2008 წლის ბოლოს 45.1 მილიონ ლარს, ხოლო 2007 წლის ბოლოს 51.9 მილიონ ლარს შეადგენდა.
სს `სახალხო ბანკის~ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი, ლადო გურგენიძე ბანკის განვითარების ტემპს დადებითად აფასებს.
`2009 წლის მეოთხე კვარტლის მანძილზე ბანკმა 64.2 მილიონი ლარის ოდენობის საკუთარი და ბაზარზე მოზიდული რესურსი სხვადასხვა ტიპის სესხში დააბანდა, რითაც ისარგებლა ჯამში 286,347 ადამიანმა. პენსიონერების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, ბანკმა გადაწყვიტა 2006 წლიდან არსებული ერთი, ორი და სამთვიანი საპენსიო სესხის ვადა ხუთ თვემდე გაეზარდა და ამ მიზნისთვის საკუთარი ფულადი რესურსი არ შეეზღუდა, სხვა პირობები კი უცვლელი დაეტოვებინა. მხოლოდ დეკემბერში 117,640-მა პენსიონერმა ისარგებლა სხვადასხვა ვადიანობის განახლებული საპენსიო სესხით, რაც ბანკისთვის ისტორიულ რეკორდს წარმოადგენს. ბანკი კომერციული ორგანიზაციაა და მისი ძირითადი საქმიანობა საკრედიტო მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს აქვს არჩევანის თავისუფლება და თავად განსაზღვრავს მისთვის სასურველ სესხის მოცულობასა და დაფარვის ვადას. საკრედიტო აქტივობის ზრდის კვალდაკვალ მომხმარებლის მსყიდელობითუნარიანობა იზრდება, რაც დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. იანვრიდან ჩვენ სრულფასოვნად აღვადგენთ იურიდიული პირების დაკრედიტებას, ხოლო საცალო ბაზარზე მომხმარებელს შემდგომი 2-3 თვის მანძილზე რამდენიმე სიახლეს შევთავაზებთ~ - განაცხადა სს `სახალხო ბანკის~ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა, ლადო გურგენიძემ.