საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, 2012 წლის სეზონი ალბანეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩითა და გამარჯვებით დაიწყო. მატჩი „მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე გაიმართა და „ჯვაროსნებისთვის" საკმაოდ რთული გამოდგა, თუმცა მიუხედავად ამისა ქართველებმა 2:1 გაიმარჯვეს. ჩვენთვის, ალბანელები ყოველთვის უხერხულ მეტოქეებად ითვლებოდნენ და ამ შემთხვევაშიც არ დარღვეულა ეს ე.წ. „ტრადიცია".
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი საკმაოდ დაბნეულად ითამაშა და ბევრი შეცდომებიც დაუშვა. მეტიც, პირველი გოლი საკუთარ კარში მივიღეთ მატჩის მე-3 წუთზე, როცა ალბანელებმა ცენტრში ბურთი ჩაჭრეს და სწრაფი კონტრიერიშის განხორციელების შემდეგ, ედგარ კანიმ რევიშვილს გაუტანა - 0:1. ქეცბაიას ფეხბურთელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი პირველივე ტაიმში მიეცათ, როცა მეტოქის საჯარიმოში ლადო დვალიშვილი წააქციეს და მსაჯმაც თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტის შესრულება თავად დაზარალებულმა იკისრა, თუმცა, მეტოქის მეკარეს ვერ აჯობა და ნაკრებში უგოლო სერია ვერ შეწყვიტა. ქართველთაგან განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ დავით თარგამაძე და სანდრო კობახიძე.
მეორე ტაიმის დაწყებიდან რამოდენიმე წუთში, კობახიძემ ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია რომ ალბანელებს, გატანილი გოლის შემდეგ სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ. ორწლიანი შესვენების შემდეგ ნაკრების შემადგენლობაში გამოჩნდა ლევან ყენია, რომელიც ქეცბაიამ 75-ე წუთზე ჩართო თამაშში, მაგრამ ლევანს აშკარად ეტყობოდა რომ არ იყო ჩვეულ ფორმაში. მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე მეორე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომლის შესრულებაც თარგამაძემ ითავა, მაგრამ ამჯერადაც მეკარემ ითამაშა კარგად და ბურთი მოიგერია. დამატებაზე კვლავ თარგამაძემ ხარიხას მოარტყა ბურთი, ხოლო ასხლეტილი ბურთი ამისულაშვილმა გადაგზავნა მეტოქის კარში.