14-15 იანვარს, ფილიპინების დედაქალაქი რეგიონალურ ფორუმს "გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური კრიზისის გავლენა" უმასპინძლებს. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მანილაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად გაემგზავრა. რეგიონალურ ფორუმზე გიორგი ქადაგიძე წარმოადგენს პრეზენტაციას თემაზე: „კრიზისის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა".
რეგიონალური ფორუმი "გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური კრიზისის გავლენა" წელს მეორედ იმართება და მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართება. რეგიონალური ფორუმის მიზანია შედგეს დისკუსია განვითარებად ქვეყნებს შორის გლობალური ეკონომიკისა და ფინანსური კრიზისის შედეგების შესახებ.
რეგიონალური ფორუმი აზიის განვითარების ბანკის სათაო ოფისში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველები, აზიის მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ
მეცნიერებიც, რომლებიც იმსჯელებენ არამარტო მიმდინარე ფინანსურ საკითხებზე, არამედ ვრცლად მიმოიხილავენ გრძელვადიან მაკროეკონომიკურ საკითხებს.