კლიმატური ცვლილებების ფონზე მსოფლიო ახალი სამთო-სათხილამური კურორტების ძიებაშია. ევროპის ტრადიციული სათხილამურო კურორტები (ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი) კლიმატურ ცვლილებებს განიცდიან, რაც თოვლის მოსვლის გარანტიას ამცირებს. ასეთ ფონზე კი მოსაძებნი და განსავითარებელია ზამთრის სპორტისათვის გამოსადეგი ალტერნატიული ადგილები.
"სწორედ ერთ-ერთ ასეთ ადგილთაგანია გომარდული, ქედლები და გოდერძის უღელტეხილი. საერთაშორისო სამთო სპორტის ბაზრების მოსაზიდად საჭირო საშუალებები დიდ ინვესტიციებს მოითხოვს, რომლებიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სათხილამურო ტრასები, საბაგირო გზები, ინფრასტრუქტურა, სათხილამურო და სხვა გასართობი საშუალებები, აგრეთვე, ადეკვატური სამაშველო საშუალებები და მომსახურება. მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ გომარდულს იგივე კლიმატური პირობები აქვს, როგორც შვეიცარიის ერთ-ერთ უდიდეს კურორტ დავოსს", - განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა თემურ დიასამიძემ.
შეგახსენებთ, რომ სამთო კურორტი გომარდული მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1450 მეტრის სიმაღლეზე. სოფელ გომარდულში არის სამთო-სათხილამურო სკოლა. კუროტზე სათხილამურო სპორტის მოყვარულებისთვის 300-მეტრიანი საბაგირო გზა ფუნქციონირებს.
ქედლები ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ცნობილია თოვლის სიუხვით. სოფელ ქედლებში 1930 წლიდან ფუნქციონირებდა აჭარაში ერთადერთი სამთო-სათხილამურო სკოლა. სოფელში დამონტაჟდა 200 მეტრის საბაგირო გზა და კეთილმოეწყო სამთო-სათხილამურო ტრასა. ძველი სკოლოს ბაზაზე ფუნქციონირება გაანახლა სათხილამურო სკოლამ, სადაც 100-მდე მოსწავლე სპეციალურ მომზადებას გაივლის.