ფლორიდის შტატის ქალაქმა ორლანდომ ნბა-ს ყველა ვარსკვლავის მატჩს (All Star) უმასპინძლა. ნომინალურმა სტუმარმა დასავლეთის ვარსკვლავთა გუნდმა 152:149 დაამარცხა მასპინძელი აღმოსავლეთი. მატჩის "უძვირფასესი" მოთამაშე "ოკლაჰომას" 23 წლის ლიდერი კევინ დურანტი გახდა, რომელმაც თავის გუნდს 36 ქულა შესძინა. ამდენივე მოუგროვდა აღმოსავლელთა შორის ყველაზე შედეგიან ლებრონ ჯეიმსს. ეს იყო რიგით 61-ე ოლ სტარი და საერთო ანგარიშში, აღმოსავლეთი 36:25 უგებს დასავლეთს.
უხვქულიან თამაშში პირველი ტაიმი დასავლეთმა 88:69 მოიგო და პირველ ნახევარში ჩაგდებული 88 ქულით ოლ სტარების ყველა დროის რეკორდი დაამყარა, თუმცა საკმაოდ დაძაბული მატჩი დაცვაში კარგი თამაშის წყალობით მოიგო.
აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა შორის ყველაზე ასაკოვანმა, მე-13 ვარსკვლავურ მატჩში მოთამაშე კობი ბრაიანტმა 27 ქულა მოაგროვა და ოლ სტარის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდება ჩამოართვა მაიკლ ჯორდანს.
ბრაიანტს წინა 12 თამაშში 244 ქულა ჰქონდა მოგროვებული და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეოთხე იყო. შეხვედრის მსვლელობისას მან მიყოლებით გადაუსწრო ნბა-ს ლეგენდებს ოსკარ რობერტსონს (246), ქარიმ აბდულ-ჯაბარს (251) და ძველ რეკორდსმენ მაიკლ ჯორდანს (262), თამაშის ბოლოს კი მისმა კარიერულმა მაჩვენებელმა 271 ქულა შეადგინა.
კობი ბრაიანტს სხვა რეკორდის დამყარებაც შეეძლო. იგი ოლ სტარების ოთხგზის "უძვირფასესი" მოთამაშეა და ამ მხრივ რეკორდს საზიაროდ ფლობს ასევე ოთხგზის საუკეთესო ბობ პეტიტთან ერთად, რომელიც 50-60-ან წლებში თამაშობდა. რომ არა დურანდის შედეგიანი თამაში, "უძვირფასესის" წოდება ბრაიანტს შეხვდებოდა და მეხუთე ჯილდოთი ის ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდებოდა.
დასავლელთა შორის დურანდის და ბრაიანტის გარდა ნაყოფიერად ითამაშეს კლიპერსელმა ბლეიკ გრიფინმა (22 ქულა), რასელ უესტბრუკმა (21 ქულა) და მინესოტელმა კევინ ლავმა (17 ქულა), ხოლო "კლიპერსის" გამთამაშებელმა კრის პოლმა 8 ქულასთან ერთად 12 პასი მოაგროვა.
აღმოსავლეთში ჯეიმსის გარდა დასამახსოვრებელი სტატისტიკა ჰქონდათ "მაიამიში" მის თანაგუნდელ დუეინ ვეიდს (22 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი), ნიუ-ჯერსელ დერონ უილიამსს (20 ქულა), ნიუ-იორკელ კარმელო ენტონის (19 ქულა) და ჩიკაგოელ დერიკ როუზს (14 ქულა).
ყველა ვარსკვლავის მატჩამდე ერთი დღით ადრე ორლანდოში რამდენიმე საკონკურსო შოუ დაიდგა, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეულები იყო შეჯიბრება ჩატენვებსა და სამქულიანების ტყორცნებში. ჩატენვების კონკურსი მოიგო "იუტას" სათადარიგო მოთამაშე ჯერემი ევანსმა, ხოლო სამქულიანების სროლაში ყველაზე ზუსტი "მინესოტას" ლიდერი კევინ ლავი იყო, რომელიც ამპლუით მძიმე ფორვარდია და ნბა-ში საუკეთესო მომხსნელია, მაგრამ სამქულიანებსაც საუკეთესოდ ისვრის. დრიბლიორთა კონჯურსში გამარჯვებული "სან ანტონიოს" გამთმაშებელი, ტონი პარკერი გახდა.