კალაძის შეცვლა ადვილი არ იქნება, ეს ფეხბურთია და თაობათა ცვლას გვერდს ვერ ავუვლით,- განაცხადა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, საწყენია, რომ ეროვნული გუნდი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა დატოვა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავარი ახალი თაობის ფეხბურთელების პოვნაა, რომლებიც კალაძის, იაშვილის ან კობიაშვილის დონის ფეხბურთელებს ჩაანაცვლებენ.
"ამ ეტაპზე ბევრ ახალგაზრდა, ნიჭიერ ფეხბურთელს ვაკვირდებით და იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში დაახლოებით 25 ფეხბურთელისგან შემდგარ სტაბილურ გუნდს მივიღებთ", - აცხადებს ქეცბაია.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კალაძეს მადლობა გადაუხადა და პირად ცხოვრებაში წარმატებები უსურვა.
"დამატებით არაფრის თქმა არ შეიძლება, გარდა იმისა, რომ პირად ცხოვრებაში წარმატებები ვუსურვო და დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც კალაძე გუნდისთვის წლების განმავლობაში აკეთებდა", - აღნიშნა ქეცბაიამ.