საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 25-26 თებერვალს ჩატარებულ პრაღის მსოფლიოს თასზე სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში 74 ქვეყნის ნაკრებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ახალგაზრდა ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა. 16 წლის ბექა ღვინიაშვილს (81 კგ) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა და ვერცხლს დასჯერდა, ხოლო მძიმეწონოსან ადამ ოქრუაშვილს ბრინჯაო ერგო.
ლევან წიკლაურს (81 კგ), ნოდარ მეტრეველსა (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილს (+100 კგ) სამეულამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ. მსოფლიოს თასი სამივემ მეხუთე ადგილით დაასრულა. ხანჯალიაშვილს გაპრიზიორებაში ხელი ოქრუაშვილმა შეუშალა.
სულ ჩეხურ ტატამზე 20 ქართველი ძიუდოისტი გავიდა. მათ შორის ნაკრების გამოცდილი წევრები ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ), მაგრამ მოულოდნელად, სამივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა.