28 თებერვალს, რამაზ ჩხიკვაძის მემორიალური დაფა გაიხსნება, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ოჯახის ახლობელმა, მაკა საჯაიამ განუცხადა. 28 თებერვალს რამაზ ჩხიკვაძეს 84 წელი შეუსრულდებოდა.
"რამაზ ჩხიკვაძის საცხოვრებელ სახლთან, ჭავჭავაძეზე გაიხსნება მემორიალური დაფა, რომელიც სიმბოლურად მის დაბადების დღეს ემთხვევა. ასევე, ამ დღეს მოეწყობა რუსთაველის თეატრში მისი საღამოც, სადაც რამაზის სიმღერების დისკის პრეზენტაციაც გაიმართება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მაკა საჯაიამ.
მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. რამაზ ჩხიკვაძე 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ.თუმანიშვილის მოწაფე). ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.
რამაზ ჩხიკვაძეს ნათამაშები აქვს: ლეანდრო (ჯ.ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ვეფხია გაბიდაური (კ.ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), ქოსა მრჩეველი (გ.ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), მაქჰითი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა"), ფადინარი (ე.ლაბიშის "ჩალის ქუიდ"), აკოფა (ა.ცაგარელის "ხანუმა"), კირილე მიმინოშვილი (დ.კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), შოშია (ნ.დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვა. ახალი ეტაპია ჩხიკვაძის შემოქმედებაში რეჟისორ რობერტ სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე, პ. კაკაბაძის "ყვარყვარე"; აზდაკი, ბ.ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"; შექსპირის "რიჩარდ მესამე", ლ.ფოფხაძისა და ა.ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე" და სხვა).
გადაღებული იყო კინოფილმებში: "ლონდრე", "ჩირიკი და ჩიკიტელა", ნატვრის ხე", "ნერგები" (ლუკა, 1974, მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის), "ჭრიჭინა", "ვედრება", "ვერის უბნის მელოდები" და სხვა.
მსახიობი სსრკ სახელმწიფო (1979), რუსთაველის (1980) და მარჯანიშვილის (1975) პრემიების ლაურეატი იყო, ასევე დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.