ეროვნული კინოცენტრის 2012 წლის კონკურსში კოპროდუქციის წარმოებისთვის გაიმარჯვა ორმა პროექტმა: „ფარაჯანოვი" და „ძმა". „ფარაჯანოვის" წარმოებისთვის ეროვნული სუბსიდია შეადგენს 155 000 ლარს, ხოლო „ძმა" დაფინანსდა 345 000 ლარით.
პროექტი „ძმა" ქართულ-ფრანგული კოპროდუქციაა. კოპროდიუსერი საქართველოდან არის კინოსტუდია „სინეტეკი", პროდიუსერი ზურაბ მაღალაშვილი. საფრანეთის მხრიდან - ემპეემ ფილმი, პროდიუსერი - ჯულიეტ ლეპუტრი და მარი-პიერ მასია. რეჟისორი - თეონა გრენადე.
ფილმში ასახულია ორი ძმის ისტორია, ერთი თითებში მუსიკას გრძნობს, მეორეს კი ხელში იარაღი უჭირავს.
ქართულ-უკრაინული პროექტის - „ფარაჯანოვის" კოპროდიუსერი საქართველოდან არის კინოკომპანია „ჯემინი",პროდიუსერი თინათინ ყაჯრიშვილი, მთავარი პროდიუსერი ინტერფილმ პროდაქშენ სტუდიო, ოლენა ფეტისოვა - უკრაინა,სცენარის ავტორი: ოლენა ფეტისოვა, რეჟისორები: ოლენა ფეტისოვა, სერჟ ავედიკიანი . (მოგებული აქვს კანის კინოფესტივალის პალმის რტო ანიმაციური ფილმისთვის) ფილმის ბიუჯეტია 2 000 000 ევრო.
ფილმი ასახავს უცნაური საქციელის მქონე ადამიანის ცხოვრებას. მთავარი გმირი ჯადოქარიცაა და მასხარაც. ბავშვური ხასიათის პერსონაჟის მიღმა იმალება სევდა და მარტოობა. ფილმის მიზანია, ყველა ადამიანს მისცეს საშუალება ერთხელ მაინც ეზიაროს ფარაჯანოვის ჯადოსნურ სამყაროს.