პარაგვაის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, საჯარიმო დარტყმების დიდოსტატმა ხოსე ლუის ჩილავერტმა, დიეგო მარადონაზე თქვა, რომ მას ფეხბურთისა არაფერი ესმის. პარაგვაელმა ვიქტორ ვალდესი დაიცვა. როგორც ცნობილია, დიეგომ "ბარსელონას" მეკარე გააკრიტიკა.
"ვალდესს უთხარით, რომ მარადონას სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევს, რადგან დიეგო ფეხბურთში საერთოდ ვერ ერკვევა. ვალდესი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, ის ყოველთვის კარგად კარნახობს დაცვას. მარადონამ კი ფეხბურთს დიდი ტრავმა მიაყენა, ამასთან, ძალიან ცუდად საუბრობს რომის პაპზე. ფეხბურთელი არ უნდა იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მიიღო ნარკოტიკები", -განაცხადა ჩილავერტმა.
პარაგვაელმა "ბარსელონაზედაც"ისაუბრა: "მინდა, რომ პეპ გვარდიოლა დიდხანს დარჩეს "ბარსაში". მან გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები იცის. კატალონიელთა ერთ მატჩსაც კი არ ვტოვებ, ისინი სიამოვნებას მანიჭებენ. ამ ფორმაციის "ბარსელონა" მსოფლიოს ისტორიაში უკვე შესულია, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი. და მაინც, გვარდიოლა თუ წავა? საუკეთესო შემცვლელი მარსელო ბიელსა იქნებოდა".
ჩილავერტმა ასევე უპასუხა კითხვას, "ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?" -
"რა თქმა უნდა, ლეო მესი. ის მარადონაზე ძლიერია. ამ ასაკში მარადონას იმის ერთი პროცენტიც არ მოუგია, რაც მესიმ მოიგო".