12 იანვარს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გურიის რეგიონში, ოზურგეთი-ნატანები-წვერმაღალას საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე მდ. ჯახვათაზე მდებარე ხიდის გახსნას დაესწრება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, აღნიშნულ მონაკვეთზე მოხდა ძველი ხიდის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა.
ახალაშენებულ საავტომობილო ხიდზე მოეწყო ახალი ბურჯები, ტროტუარები და მოაჯირები. ხიდის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო საგზაო ნიშნები და შესრულდა სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. მისასვლელთან დამონტაჟდა თვალამრიდი ძელები.
"მდინარე ჯახვათაზე აშენებული რკინა-ბეტონის ხიდი, რომლის მთლიანი სიგრძე 37 მეტრია, ხოლო სიგანე 6 მეტრი, ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე, აღნიშნული ხიდის მშენებლობა ხელს შეუწყობს, როგორც მსუბუქწონიანი ავტოტრანსპორტის გატარებას, ასევე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას", - განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ხიდზე სამშენებლო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია ს.ს "ხიდმშენი" აწარმოებდა. სამუშაოების ღირებულებამ 651 ათას ლარი შეადგინა და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.