ხვალ, 25 თებერვალს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ფოიეში ბოლშევიკურ რეპრესიებს შეწირული მსახიობების ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა-საღამო მოეწყობა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ელენე კვირცხალიამ განუცხადა, საღამო ეძღვნება სანდრო ახმეტელისა და იმ მსახიობთა ხსოვნას, ვინც შეეწირა ბოლშევიკურ რეპრესიებს.
"რუსთაველის თეატრის მუზეუმში შემონახულია უამრავი მასალა, რომელიც 1937 წლის შემზარავ ამბებს მოგვითხრობს.საღამო ეძღვნება სანდრო ახმეტელისა და იმ მსახიობთა ხსოვნას, ვინც შეეწირა ბოლშევიკურ რეპრესიებს. ეს გამოფენა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს ჩვენი ქვეყნის არცთუ ისე შორეულ, ტრაგიკულ წარსულს", - აღნიშნავს კვირცხალია.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები და ის დოკუმენტური მასალა, რომელიც ინახება რუსთაველის თეატრის მუზეუმში. ასევე შერგილ შონიას (ბუჟუჟა შავიშვილს ვაჟის) დოკუმენტური ფილმი "სცენიდან განდევნილი ადამიანები".
ცნობისთვის, რეჟისორი ალექსანდრე ახმეტელი _ დახვრიტეს 1937 წლის 29 ივნისს, 51 წლის,
მსახიობი ვანიკო აბაშიძე _ დახვრიტეს 1937 წლის 21 ოქტომბერს, 41 წლის,
მსახიობი პლატონ კორიშელი _ დახვრიტეს 1937 წლის 29 ივნისს, 54 წლის,
მსახიობი ელგუჯა ლორთქიფანიძე _ დახვრიტეს 1937 წლის 29 ივნისს, 33 წლის,
მსახიობი ია ქანთარია _ დახვრიტეს 1937 წლის 29 ივნისს, 36 წლის,
მსახიობი ივანე ლაღიძე _ დახვრიტეს 1937 წლის 29 ივნისს, 36 წლის;
ციხეებსა და გადასახლებაში გაგზავნეს:
მსახიობი და სუფლიორი ნინა ღვინიშვილი _ 38 წლის,
მსახიობი ბუჟუჟა შავიშვილი _ 34 წლის,
მსახიობი თამარ წულუკიძე _ 34 წლის.
საღამოს დაასრულებს მურმან ჯინორია, მონოსპექტაკლით "ქარი მწყურია მე პირდაპირი".
გამოფენა, სახელწოდებით "...შემოდიოდა სიკვდილი ცელით!" გაგრძელდება 25-იდან 29 თებერვლის ჩათვლით (15:00-იდან 19:00-მდე).