ხვალ, 25 თებერვალს, 14:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ახალგაზრდა პროზაიკოსთა კონკურსის, "ალავერდობის" გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.
გურამ რჩეულიშვილის სახელობის კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები ჯილდოვდებიან გურამ რჩეულიშვილის სახელობის პრემიით "ალავერდობა" და ფასიანი საჩუქრებით შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო რომანი; საუკეთესო მოთხრობა; საუკეთესო მინიატურა და სამი წამახალისებელი პრემია.
კონკურსში მონაწილეობენ 15-35 წლამდე ასაკის ავტორები.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი "ალავერდობა" სამი წლის წინ ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ დაფუძნდა. კონკურსის წყალობით არაერთი უნიჭიერესი ახალგაზრდა პროზაიკოსი წარმოჩინდა და დაჯილდოვდა ფულადი პრემიით.